Friday, May 14, 2010


ამ ბოლო დროს ჩვენს დედამიწაზე ბევრი ბუნებრივი კატასტროფა ხდება, რაც მე ძალიან მაწუხებს, ამიტომ გადავწყვიტე ამ თემის გარშემო მომეძიებინა ინფორმაცია, რათა უკეთ გავცნობოდი ბუნებრივ მოვლენებს და იმ ადამიანებისთვისაც გამეცნო ვინც დაინტერესებულია ამ თემით.
ბუნებრივ კატასტროფებთან ერთად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებებიც:მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ექსპერტთა სამთავრობათაშორისო ჯგუფის გამოკვლევათა თანახმად ატმოსფეროს კლიმატზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ე.წ. "სათბურის ეფექტი", რაც ზემოთაღნიშნული გაზებისა და აეროზოლების დაგროვების პირდაპირი შედეგია. მათი დაგროვება ატმოსფეროს ქვედა (6 კმ) ფენაში ასრულებს იმ აფსკის როლს, რომელიც აძლიერებს ატმოსფეროს მზის მიერ დათბობას და მკვეთრად ამცირებს დედამიწიდან კოსმოსისაკენ მიმართულ სითბურ გრძელტალღოვან ნაკადს.
დედამიწის კლიმატის ბუნებრივი დათბობის ციკლისა და "სათბურის ეფექტის" ერთობლივი მოქმედებით, ატმოსფეროს საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ 1990 წლისათვის აიწია 1 გრადუსი ცელსიუსით, ჩრდ. ნახევარსფეროში 1,2 გრადუსით, ხოლო სამხრეთში - 0,8 გრადუსით.
არსებული სხვადასხვა სცენარების მიხედვით "სათბურის გაზების" ატმოსფერული კონცენტრაცია 2030-50 წლებისათვის შეიძლება გაორმაგდეს, ინდუსტრიალიზაციის დონის ზრდის ფონზე ატმოსფეროს საშუალო გლობალური ტემპერატურის მატებამ ამ დროისათვის შეიძლება 2,0/5,0 გრადუს ცელსიუსს მიაღწიოს. ამასთან, დათბობის პროცესი უფრო შესამჩნევი გახდება მაღალ განედებში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს მყინვარების დნობის პროცესს. მოსალოდნელია ოკეანის დონის აწევა (0,5 მეტრი 100 წელიწადში). ამჟამად გოლფსტრიმის დინება 1957 წელთან შედარებით შემცირდა 30%-ით. გოლფსტრიმის დინების შეჩერების შემთხვევაში ევროპაში 2010 წლისათვის მოსალოდნელია ტემპერატურის 1 გრადუსით შემცირება. სხვა მათემატიკური გამოთვლებით გოლსფტრიმის დინების შეჩერება მოსალოდნელია 20 წლის შემდეგ, რაც გამოიწვევს ჩრდილოეთ ევროპაში, ირლანდიას, ისლანდიასა და დიდ ბრიტანეთში ტემპერატურის 4-6 გრადუსით შემცირებას.
ამჟამად ატმოსფეროში, როგორც ფიზიკურ სისტემაში, უკვე ფუნქციონირებენ არაწრფივი სითბური წყაროები, რომელთა ინტენსივობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს მომავალში (აღნიშნულმა მოვლენამ, აიძულა გაერო, მიეღო გადაწყვეტილება "სათბურის ეფექტის" კომპლექსური კვლევის შესახებ. ამ მიზნით შეიქმნა იუნესკოს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და სხვათა სამეცნიერო ჯგუფები და სპეციალური პროგრამები).
გარდა ამისა, გათვალისწინებული უნდა იქნას აგრეთვე ის გარემოება, რომ პროფესორ არჩილ ხანთაძის გამოკვლევებით დედამიწის ატმოსფეროს გააჩნია საშუალო კლიმატური ტემპერატურის ზრდის ბუნებრივი დამამუხრუჭებელი ფაქტორებიც (ადვექცია, შთანთქმა, დისპერსია), რამაც უნდა გამოიწვიოს აღნიშნული ეფექტით წარმოშობილი კლიმატური დათბობის ზრდის დაბალანსება.
პროფ. ბუდიკოს და სხვათა მონაცემებით, ყოველწლიურად საწარმო ენერგიის 6%-ით ზრდას შეუძლია ერთი საუკუნის შემდეგ ტემპერატურის 3 გრადუსით გაზრდა, რასაც მოყვება წარმოების სრულიად განსხვავებული სისტემის დანერგვა.
მსოფლიო ინდუსტრიის დაჩქარებული ტემპებით განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტყეების არაგონებრივი გაჩეხვაც. მწვანე მასა წარმოადგენს ნახშირორჟანგის შთანთქმის ძირითად წყაროს, ამცირებს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ჭარბად დაგროვებას. ერთ ჰექტარ ფართობზე ტყის მწვანე მასა ატმოსფეროდან ყოველწლიურად 2240 კილოგრამ ნახშირორჟანგს გამოათავისუფლებს

No comments:

Post a Comment