Thursday, June 10, 2010

სამყაროს აღსასრული?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამყაროს აღსასრულის შესახებ ბევრს საუბრობენ, მაგრამ ისეთი პანიკა, რაც ახლაა ატეხილი, აქამდე არასოდეს ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტსაიტებზე ნამდვილი ისტერიკაა. საუბრობენ, რომ დედამიწას რეალური საფრთხე ემუქრება. ერთ–ერთ ასეთ საფრთხედ ასახელებენ პლანეტას, რომელსაც ნიბირუს ეძახიან, ზოგი მას პლანეტა 10–ს უწოდებს, ზოგი – წითელ პლანეტას... მოკლედ, ამტკიცებენ, რომ აქამდე უცნობი პლანეტა დედამიწას უახლოვდება, რაც კატასტროფულ ცვლილებებს გამოიწვევს. ზოგი საერთოდ დედამიწის აღსასრულზე საუბრობს. ამბობენ, რომ იმ ავბედითი პლანეტის მოახლოება უძლიერეს მიწისძვრას გამოიწვევს, რომლის შედეგად არათუ შენობები, მთები და კლდეებიც კი გაცამტვერდება.

იმავე წყაროებით, პლანეტა 10–ის გარშემო ტრიალებს მძიმე ლითონისგან შემდგარი მტვერი. როცა ის დედამიწას ჩაუქროლებს, ჩვენს პლანეტაზე წითელი მტვერი გადმოიყრება, რაც წყლებს იმდენად დააბინძურებს, რომ დალევა შეუძლებელი გახდება. ირწმუნებიან, რომ 10–ს იმდენად დიდი გრავიტაციის ძალა აქვს, რამდენიმე დღით დედამიწის გაჩერებაც შეუძლია.

მეცნიერები ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა ალბათ მაინც მოუწევთ დუმილის დარღვევა, რადგან კოსმოსში რომ გარკვეული ცვლილებები ხდება, ამას ადამიანები უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ხედავენ. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ ნორვეგიაში უამრავი ადამიანი გახდა იმის მომსწრე, ე. წ. შავმა ხვრელმა როგორ მიიტაცა კომეტა და შთანთქა. ეს მოვლენა ვიდეო და ფოტოკამერებით არის დაფიქსირებული.

ქართველ ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილის ვარაუდით, კოსმოსური კატაკლიზმები არათუ დედამიწაზე ცხოვრების წესს შეცვლის, არამედ ადამიანების ცნობიერება მთლიანად შეიცვლება და საფუძველი ჩაეყრება სრულიად ახალ ცივილიზაციას. 2010 წლიდან ადამიანები ისეთი მოვლენების თვითმხილველნი გახდებიან, რაც მათ აზროვნებას ძირფესვიანად ამოატრიალებს.

– ბატონო დავით, ბევრს საუბრობენ უცნობ პლანეტაზე, რომელიც უკვე დედამიწიდანაც კარგად ჩანს. ამბობენ, რომ დედამიწას მალე მოუახლოვდება და კატაკლიზმებს გამოიწვევს. ამ მოსაზრებას რეალური საფუძველი გააჩნია?

– როგორც ჩანს, ეს ვარაუდი საფუძველს მოკლებული არ არის, მაგრამ სრულიად საპირისპირო მოსაზრებებიც ჩნდება. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ე. წ. პლანეტა 10 ჯერჯერობით სამხრეთის ნახევარსფეროდან ჩანს, ხოლო ჩრდილოეთის ნახევარსფეროში მოგვიანებით გამოჩნდება, კერძოდ, 2011 წლის მაისში. ერთის თქმა კი თამამად შეიძლება – კოსმოსში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს!

– იმ შავ ხვრელზე რა აზრის ხართ, ნორვეგიიდან რომ დაინახეს?

– მე ტელეკომპანია "როიტერის" მიერ გადაღებულ კადრებს ვუყურე, სადაც ნაჩვენებია, ნორვეგიაში ხალხი როგორ უყურებს ციურ სხეულს, რომელიც შავმა ხვრელმა მიიტაცა და შთანთქა. შავი ხვრელი ჩამქრალი ვარსვლავია, რომელსაც დიდი მიზიდულობის, გრავიტაციის ძალა აქვს, მაგრამ ცაზე არ ჩანს, რადგან ის მზის სინათლესაც კი მიიზიდავს. როგორც ჩანს, ეს შავი ხვრელი ადრეც არსებობდა, მაგრამ შეუმჩნეველი იყო. იმ დღეს კი ხალხი მომსწრე გახდა, მბრუნავი კომეტა როგორ გადაყლაპა – შავი ხვრელი განათდა და შემდეგ გაქრა.

– აქამდე უცნობი შავი ხვრელი, უცნობი პლანეტა, რომელიც დედამიწას უახლოვდება... ამდენი უცნაური მოვლენა მართლაც კატასტროფით გვემუქრება?

– არა, მაგრამ გარკვეულ ცვლილებებს აუცილებლად გამოიწვევს. ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ დედამიწაზე არსებული ქაოსი კოსმოსთან ჰარმონიაში მოვიდეს, ანუ დედამიწაზე კოსმიური ჰარმონია დამყარდეს. ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ არ მოხდება, გარკვეულ კატაკლიზმებს გამოიწვევს. ამის მომსწრენი უკვე ვართ. დედამიწაზე კლიმატი ძალიან შეიცვალა, ბევრი ეკოლოგიური გამოწვევის წინაშე დავდექით.

– იმ უცნობ პლანეტაზე, ე. წ. ნიბირუზე, ასტროლოგ–ასტრონომებს რა ინფორმაცია აქვთ?

– ნიბირუ გაწელილ ორბიტაზე მოძრაობს. ამ პლანეტის მიმოქცევა 3600 წელს შეადგენს. ეს პლანეტა კაცობრიობას საფრთხეს ისევე არ შეუქმნის, როგორც 3600 წლის წინ. მაშინ მნიშვნელოვანი კატაკლიზმი არ მომხდარა და კაცობრიობა გადაშენების საფრთხის წინაშე არ დამდგარა. ეს არც ახლაა მოსალოდნელი, გლობალურ კატაკლიზმებს არ უნდა ველოდოთ.

ამ პლანეტის დედამიწასთან შეჯახების საფრთხე არ არსებობს. 2014 წლის თებერვალში დედამიწა მზესა და ამ პლანეტას შორის გაივლის. ზოგი ამბობს, ეს დედამიწის პოლუსების დაძვრას გამოიწვევსო. ეს არის ზღაპარი! ამ პლანეტამ სხვა პლანეტების უმრავლესობა უკვე გამოიარა, მაგალითად, როგორიც არის იუპიტერი, სატურნი და ა. შ. ამ ლოგიკის მიხედვით, მას ამ პლანეტების ტრაექტორიებში რაიმე ცვლილება უნდა შეეტანა, მაგრამ ასე არ მომხდარა. მისი ზომები იმდენად დიდი არ არის, რომ დედამიწასთან გვერდზე ჩავლით რაიმე მნიშვნელოვანი კატაკლიზმი გამოიწვიოს.

არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ ჩვენკენ მოდის მზის მსგავსი პლანეტა, რომელსაც წითელ ჯუჯას უწოდებენ. მას არშემდგარ მზეს უწოდებენ, რომელმაც სათანადო მასა ვერ დააგროვა. თუკი ასეთი "ჯუჯა" მართლაც არსებობს, არ შეიძლება ისე სწრაფად მოძრაობდეს, რომ აქამდე ვერ დაგვენახა და ასე მოულოდნელად გამოჩენილიყო.

– იქნებ საიდუმლო კვლევით ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებში ამის შესახებ იცოდნენ კიდეც.

– შეიძლება "ნასა"–მ იცოდა, მაგრამ სანამ არ გამოჩნდა, მანამდე არ ამბობდა, თუმცა ამის ნაკლებად მჯერა. ეს რომ სიმართლე იყოს, იქ ექსპედიციებს აუცილებლად გაუშვებდნენ და შეისწავლიდნენ. "ნასა"–ს ყველა საექსპედიციო გაშვება პრესაში შუქდება. ამაზე კი საუბარი არ ყოფილა.

– საიდუმლო კვლევებს გამორიცხავთ?

– არც ამას გამოვრიცხავ, თუმცა ამ ყველაფერზე ლაპარაკი ძნელია, სანამ პლანეტა 10 ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არ გამოჩნდება.

– იმასაც ამბობენ, რომ ეს პლანეტა შეიძლება მეორე მზე გახდეს.

– პლანეტა 10 ზომებით ისეთი დიდი არ არის, რომ მზის ენერგია გამოასხივოს. მისი დიამეტრი 90 ათასი კილომეტრია, რაც, მერწმუნეთ, დიდი არ არის.

– ძველ ისტორიულ წყაროებში ამგვარი მოვლენების შესახებ რაიმე ცნობები არსებობს?

– შუმერულ იეროგლიფებზე მითითებულია მბრუნავი ვარსკვლავი. ეს გამოსახულება ზუსტად ისეთივეა, როგორიც ნორვეგიაში გადაღებულ კადრებში ჩანდა. ის კომეტა ზუსტად ისეთი მიმართულებით ბრუნავდა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, დედამიწაზე ასეთი მოვლენები ადრეც ხდებოდა. შუმერები ამ ვარსკვლავს მარდუკს უწოდებდნენ. მათთვის ის იყო ღმერთი, რომელმაც ყველაფერი შექმნა.

– იქნებ შუმერები თავიანთ აწმყოზე კი არ მიუთითებდნენ, არამედ მომავალს წინასწარმეტყველებდნენ, იმ მოვლენას, რაც ჩვენს დროში უნდა მოხდეს.

– შუმერული წყაროების მიხედვით, მარდუკის მობრუნება დროდადრო ხდება. ის დედამიწაზე წესრიგის დასამყარებლად ბრუნდება. როგორც ჩანს, შუმერული ცივილიზაცია მარდუკის მოსვლის მომსწრე გახდა. თუკი ეს მოვლენა ჩვენს დროშიც მოხდება, ეს ადამიანების ცნობიერებაზე გავლენას აუცილებლად მოახდენს. 2009 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს რომ ვაკეთებდი, მაშინ ვთქვი, რომ ცაზე იქნება ნიშნები, რომლებიც დედამიწაზე არსებულ ფილოსოფიას ძირფესვიანად შეცვლის–მეთქი. შემიძლია ვთქვა, რომ ეს საოცრებები ცაში უკვე ხდება და ჩვენ კიდევ ბევრ რამეს დავინახავთ. თანამედროვე ცივილიზაციის პერიოდში აქამდე არასოდეს უნახავთ, შავი ხვრელი კომეტას როგორ ყლაპავს. ეს მხოლოდ შუმერებს აქვთ აღწერილი.

– ზოგი ნიბირუს პლანეტად არც თვლის და ამბობენ, რომ ის უცხოპლანეტელთა ხომალდია, რომელიც დედამიწას უახლოვდება.

– ეს პლანეტა ძალიან უცნაურია, რადგან პლანეტების მოძრაობის ყველა კანონს არღვევს. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ პლანეტას გრავიტაციის ძალა გააჩნია, მაშინ მას ორბიტები უნდა დაერღვია. ასეთი რამ კი არ მომხდარა. მართლაც არსებობს ვერსია, რომ ის პლანეტა კი არა, უცხოპლანეტელების ხომალდია და რომ ისინი დედამიწაზე წესრიგის დასამყარებლად მოდიან. ამ ვერსიას რუსეთში უამრავი მომხრე ჰყავს. იმდენად ბევრს სჯერა ამის, რომ ლამის ახალი რელიგია შექმნან.

– ამ ვერსიის თქვენ თუ გჯერათ?

– ამის დაჯერება ცოტა ძნელია, მაგრამ გამორიცხული არაფერია. კაცობრიობა 2012 წლისთვის ან მანამდე ისეთ რამეს ნახავს, რაც მათი ცხოვრების ფილოსოფიას შეცვლის, ანუ 2012 წლიდან ადამიანები ახლანდელი ცნობიერებით აღარ იცხოვრებენ, მათი აზროვნება, ცნობიერება შეიცვლება...

– დადებითისკენ შეიცვლება თუ პირიქით, უარესობისკენ?

– ეს იქნება მხოლოდ დადებითი ცვლილება. როგორც ასტროლოგს, მჯერა, რომ კოსმოსი არის ცოცხალი, მოაზროვნე სისტემა, რომელსაც თავისი გონი და კანონები აქვს. ასტროლოგია ცდილობს, ეს კანონები ადამიანის გონებამდე დაიყვანოს, მაგრამ ამ კანონებს ღრმად ვერასოდეს ჩავწვდებით. მიმდინარე მოვლენების შედეგად, ადამიანები ახლანდელთან შედარებით გაცილებით მაღალ დონეზე დაიწყებენ აზროვნებას. შეიძლება ითქვას, რომ ახალ ცივილიზაციას ჩაეყრება საფუძველი.


--------------------
სააგენტო "Associated Press"-ის ცნობით 2010 წლის თებერვალში ანტარქტიდაში ადგილიდან დაიძრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი აისბერგი, რომლის სიგრძე 78კმ-ია სიგანე კი 39კმ, წონა 700 მილიარდ ტონას უდრის. ის ადგილს მოწყვიტა მეორე აისბერგმა რომლის კოდური დასახელებაა B9-B რომელიც 1987 წლიდან დაცურავს წყლებში მისი სიგრძე 97კმ-ია ფართობი - 2500 km² (ის თავისი სიდიდით უტოლდება ლუქსემბურგს)და მისი წონაა 860 მილიარდი ტონაა. ამ ორ აისბერგში იმდენივე წყალია რამდენსაც ერთი წლის განმავლობაში მოიხმარს მთელი მსოფლიოს მოსახლეობა! ამერიკელი ექსპერტების აზრით, ორი დიდი აისბერგი რომლებიც დასავლეთის მიმარტულებით მოძრაობენ სავსებით შეუძლიათ ოკეანური დინება რაც ზეგავლენას მოახდენს კლიმატზე. ყველაზე პესიმისტური პროგნოზებით, თუკი აისბერგები დაარღვევენ თბილ ატლანტიკურ დინებას მაშინ 2020 წლამდე სანამ ისინი არ დადნებიან ევროპაში საშუალო ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაეცემა,რაც აუცილებლად აისახება ცხოველთა და მცენარეთა სამყაროზე და რა თქმა უნდა ადამიანებზეც რომელთათვისაც უცხოა ასეთი ცივი ზამთარ
როგორც წესი ნებისმიერი ბუნებრივი კატასტროფა განუზომელ ზიანს აყენებს ადამიანს
რამდენადაც ლამაზია ბუნება, იმდენად მას შეუძლია იყოს დამანგრეველი....

წყარო: http://www.youtube.com/watch?v=rr7st4uOXUY&feature=related